მთავრობა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს
რაჭაში სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დასჭირდება, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რაჭის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, პირველადი საჭიროების სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდა.
„სამწუხაროდ, რაჭაში საკმაოდ მასშტაბური და მძიმე სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები. საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაოების დასრულება, რაც ნიშნავს, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა აღდგა საკმაოდ სწრაფად. ასევე, ყველა სოფელს მიეწოდება, დღეის მდგომარეობით, როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სარემონტო სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური სამშენებლო სამუშაოებისთვის, საგზაო მიმართულებით განსაკუთრებით, დამატებითი თანხების გამოყოფაზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვან აღდგენას დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.