მთავრობა - მოსალოდნელია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება გავლენას მოახდენს ქვეყნის ექსპორტსა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებზე
მოსალოდნელია, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება გავლენას მოახდენს ქვეყნის ექსპორტსა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებზე, ხოლო პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური გაურკვევლობის გაგრძელებასთან ერთად, შეამცირებს კაპიტალის შემოდინებას ან ეკონომიკაში დაგეგმილი ინვესტიციების გადავადებას, – ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის ძირითადი საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ შესაბამისს დოკუმენტში.
მთავრობა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობის შემცირების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეჯერებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის განმავლობაში ოთხი პროცენტით შემცირდება, თუმცა მეოთხე კვარტლიდან მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, 2021 წლის განმავლობაში დაფიქსირდება ეკონომიკის ოთხპროცენტიანი ზრდა.
აღმასრულებელი ხელისუფლება აცხადებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით გაუარესდა როგორც ეკონომიკური, ასევე ფისკალური პროგნოზები.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს საგადამხდელო ბალანსის დანაკლისი იქნება – 1.4 მილიარდ აშშ დოლარამდე 2020 წლის განმავლობაში, ხოლო 0.4 მილიარდი აშშ დოლარი 2021 წლის განმავლობაში. აღნიშნული ეკონომიკური აგრეგატების საპროგნოზო შემცირების შედეგად, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის დანაკლისი მიმდინარე და მომდევნო წლების განმავლობაში 1.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, ფინანსური ანგარიშის გაუარესების ძირითადი ნაწილი დაფინანსდება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების დონე დაუბრუნდეს პოტენციურ მაჩვენებელს და უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა“, – აღნიშნავს მთავრობა.