მთავრობა მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის 20 ლარით გაზრდას გეგმავს
მთავრობა მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტის 20 ლარით გაზრდას, ხოლო აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებასა და ბენფიციართა ასაკის 18 წლამდე გაზრდას გეგმვას. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული საკითხები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეხვედრაზე განიხილეს.
სერგეენკოს თქმით, მასსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სოციალური პაკეტის გასაზრდელად ფინანსური რესურსის მოძიება დაევალათ.
„დღეს პრემიერ-მინისტრსა და შშმ პირთა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. განხილული იქნა რამდენიმე კონკრეტული საკითხი. პირველი – მე და ფინანსთა მინისტრს მოგვეცა დავალება, გამოგვენახა ფინანსური რესურსები მეორე ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტის, ანუ პენსიის 20 ლარიანი ზრდისთვის. ამისათვის დაახლოებითი ბიუჯეტი 17 მლნ ლარია.
ასევე განვიხილეთ ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო. ეს არის აუტიზმის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც მხოლოდ დიდ ქალაქებში ხორციელდება და ჩართულობა არის 15 წლამდე ასაკი. უნდა გაკეთდეს გათვლები, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდეს პროგრამა და ბენეფიციართა ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე. ამის ბიუჯეტი დაახლოებით გათვლილი გვაქვს, თუმცა დავაზუსტებთ“, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ზოგადად შშმ პირთა მიმართ პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც განახლებას საჭიროებს.