მთავრობა დეველოპმენტისა და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამას მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს
ჩვენ უკვე მზად გვაქვს დეველოპმენტისა და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციას საზოგადოებისა და სექტორისთვის კვირის ბოლომდე გავმართავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა იმ დარგებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო დაეხმარება და ხაზი გაუსვა, რომ მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა.
„პირველ რიგში ტურიზმი, რამდენიმე მიზეზის გამო: ტურიზმი ყველაზე უფრო დაზიანდა და დაზარალდა, გარდა ამისა, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და რაც მთავარია, ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი გადაცემის ძალა დღეს საქართველოში. ჩამოსული ტურიზმი ამუშავებს არა მხოლოდ სასტუმროს, ამუშავებს ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას და კიდევ ბევრ სხვა რამეს. შემდეგი სფერო კი, სოფლის მეურნეობა იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.