მთავარმა პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
როგორც პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი დღეს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.
მათივე ინფორმაციით, ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.
საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.
ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ. ცნობილი გახდა, რომ ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.