მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას პროკურატურის შენობასთან უთვალთვალებდნენ.
„ხორავას ქუჩაზე მოკლული დ.ს. – ს მამამ, ზ. ს. – მ, რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ქალაქ თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობასთან, როდესაც ის აბარებდა განცხადებას, სავარაუდოდ პროკურატურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, დისკრედიტაციის მიზნით მობილური ტელეფონის მეშვეობით უღებდნენ ვიდეოს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რათა დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას ზ.ს. – ს მიმართ. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ამოღებული და შესწავლილი იქნება თბილისის პროკურატურის შენობის პერიმეტრის ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი. ამასთან, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზ.ს. – ს შესთავაზა შეხვედრა გასაუბრების მიზნით, რათა საგამოძიებო უწყებამ მიიღოს მისგან სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.