მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგო 6600 ლარს, მისი პირველი მოადგილის კი 6200 ლარს შეადგენს.
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რომელიც თეა წულუკიანმა დღეს მიიღო.
დოკუმენტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, აღნიშნულია, რომ ბრძანება ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შედის. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თავიდან განისაზღვრა საქართველოს მთავარი პროკურატურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, ქ . თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურებისა და რაიონული პროკურატურების მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.
ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №35 ბრძანება. ამ ბრძანებაში ცლილება ბოლოს 2017 წლის 3 ოქტომბერს შევიდა და მაშინ მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი 3910, ხოლო მისი პირველი მოადგილის 3520 ლარს შეადგენდა.