მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები ირაკლი შოთაძისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტისთანავე დაიწყება
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები ირაკლი შოთაძისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტისთანავე დაიწყება

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურები ირაკლი შოთაძისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტისთანავე დაიწყება.

მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები იწყება მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე, ხოლო, თუ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება ვადის გასვლამდე შეუწყდა – უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.

ამავე წესის თანახმად, საპროკურორო საბჭოსთან ერთად ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩართულობა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების პროცესში არსებითია, ვინაიდან ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის, როგორიც მთავარი პროკურორია, შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს მხოლოდ ერთ რომელიმე პირზე ან ორგანოზე დამოკიდებული.

მთავარი პროკურორის არანაკლებ სამ კანდიდატურას (რომელთაგან ერთი მესამედი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის) ასახელებს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს თავმჯდომარე – იუსტიციის მინისტრი.

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის არჩევის წესის თანახმად, ერთი თვის განმავლობაში წინასწარ კონსულტაციებს გადის აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ ფარული კენჭისყრით. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარდგენისათვის დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.