თურქეთის თხოვნით საქართველოში დაკავებულ სერქან ქურტულუშს საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ქ. საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე იქნა დაკავებული და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა, – ამის შესახებ პირველ არხს მთავარ პროკურატურაში საქართველოში თურქეთის მოქალაქე სერქან ქურტულუში დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადეს.
„თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბათუმში თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით დაკავებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს. ქ.
2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ხსენებულ პირს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
თურქული მხარის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ს.ქ. – ს ბრალად ედება უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა. მითითებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრების მიერ სისტემატიურად ხორციელდებოდა შეირაღებული თავდასხმები სხვადასხვა პირებზე ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით (განხორციელდა 26 შეიარაღებული თავდასხმა), ხდებოდა მუქარით ფულის გამოძალვა, დაშინება, ადამიანების გატაცება, აგრეთვე მათი ორგანიზაციის წევრების ან ორგანიზაციასთან დაახლოებული პირების სასარგებლოდ შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზება და ფიზიკური ანგარიშსწორება“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ამასთან უწყების ცნობით, თურქული მხარის მიერ მოწოდებულ საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული, ს ქ. – ს მიერ, 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი და შესაბამისად, ქართული მხარე საექსტრადიციო პროცედურებს აწარმოებს მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რისთვისაც ს.ქ.-ს ექსტრადიცია მოითხოვება თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ.
თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის მოქალაქე სერქან ქურტულუში დააკავეს, რომელიც ასევე 2015 წელს სირიაში, რუსი პილოტის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი.