„მთავარი არხის“ რესპონდენტები უარყოფენ, თითქოს თქვეს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ ფული შესთავაზეს
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში კორონავირუსის თემაზე გასული სიუჟეტის შემდეგ, არხის რესპონდენტები სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
რეპორტაჟის მიხედვით, არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა ამბობდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.
სუს-ში არკინაზ გულიევასა და ზანურა ტალიბოვას გამოკითხვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ არხმა მათი კომენტარების თარგმანი დაამახინჯა.
ერთ-ერთი რესპონდნეტი არკინაზ გულიევა ამბობს: „არავინ მოსულა სახლში ჩვენთან და არაფერი შემოუთავაზებიათ. ჟურნალისტი როცა მოვიდა ჩვენთან, კონკრეტულად მკითხა, მერიიდან ვინმე ხომ არ იყო და ფული შემოგთავაზაო. ვუთხარი, რომ არავინ ყოფილა არც მერიიდან და არც პოლიციიდან. ისიც ვუთხარი, რომ ჩვენი ოჯახის წევრი გულით გარდაიცვალა. რვა წელი იყო ცუდად, ექვსი წელი მკურნალობდა უკრაინაში და გარდაიცვალა გულით“.
კიდევ ერთი რესპონდენტის, ზანურა ტალიბოვას ადვოკატი ალი ბადიროვის თქმით კი, შესაძლოა, გარკვეულ ხარვეზი იყო თარგმანში, რადგან მისი ოჯახისთვის, ნათესავისთვის არ ყოფილა მსგავსი შეთავაზება და არც კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხზე არ ფლობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბოტაჟს გულისხმობს.