მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად 116 წლის იაპონელი ქალი დასახელდა
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად 116 წლის იაპონელი ქალი დასახელდა. გინესის რეკორდების წიგნში შესული კეინ კანატა კუნძულოვანი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ფუკუოკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს. მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის ტიტულის მინიჭების ცერემონია სწორედ ამ შენობაში გაიმართა.
კიენ კანატა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. 1922 წელს დაქორწინების შემდეგ ოთხი შვილი გააჩინა, ერთი კი იშვილა. როგორც მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, 116 წლის კანატა დილის 06:00 საათზე დგება და მათემატიკაში მეცადინეობს. მას ძალიან უყვარს სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები.
კეინ კანატამდე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ასევე იაპონელი, 117 წლის ქალი, ჩიო მიაკო იყო, თუმცა გასული წლის ივლისში გარდაიცვალა.
საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი იაპონიაში ცხოვრობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კუნძულოვანი სახელმწიფოს კვების ტრადიციებთან არის დაკავშირებული. იაპონიის სამზარეულოში თევზი, ბრინჯი და ბოსტნეული დომინირებს.