მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დავით ზალკალიანმა საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილსამყოფელ ქვეყნებში შექმნილი ვითარებისა და ადგილზე საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და კორეის რესპუბლიკიდან.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელჩებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით გატარებულ ქმედებებზე, დაწესებულ შეზღუდვებსა და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის უარყოფითი ეკონომიკური გავლენის პრევენციას.
ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ელჩებმა ისაუბრეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ სურათზე, ადგილობრივი მთავრობების მიერ დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის ქვეყნებში ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე საქართველოს საელჩოების მუშაობის რეჟიმს, აღინიშნა, რომ დიპლომატიური მისიები ინტენსიური კომუნიკაციაში რჩებიან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.