მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დაძაბულობამ ბაზრები მკვეთრად შეარყია
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის პოლიტიკის საკითხებზე გამწვავებულმა დაპირისპირებამ საერთაშორისო ბაზრებზე მკვეთრი რყევა გამოიწვია. როგორც ცნობილია, გასული კვირის ბოლოს თეთრმა სახლმა 50 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინურ იმპორტზე ტარიფების დაწესების გეგმა გაასაჯაროვა, რასაც გუშინ ჩინეთის მხრიდან იდენტური საპასუხო სვლა მოჰყვა – ტარიფები დაწესდა იმავე მოცულობის ამერიკული საქონლის იმპორტზე. პასუხის პასუხად შტატების პრეზიდენტი დამატებით 200 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური იმპორტის10 პროცენტიანი დაბეგვრით დაემუქრა პეკინს. მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ურთიერთობის გამწვავება უარყოფითად აისახა გლობალურ საფონდო ბირჟებზე.
დღევანდელი ვაჭრობა შტატების ბირჟებზე წამყვანი ამერიკული ინდექსების ვარდნით დაიწყო. ვარდნა 0.73-დან 1.8 პროცენტის ზღვრებში დაფიქსირდა. ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ინდექსი Dow Jones-ი 1.20 პროცენტით დაეცა, რაც რეალურ ციფრებში იმდენად დიდია, რომ ამ ინდექსის მიერ წლის დასაწყისიდან მიღებული მოგება ფაქტობრივად განულდა.
0.73 პროცენტით დაეცა ინდექსი S&P 500, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. 0.74 პროცენტით გაუფასურდა კიდევ ერთი უმსხვილესი ამერიკული ინდექსი Nasdaq Composite -ი. 3 პროცენტით გაუფასურდა ამერიკული საავიაციო ინდუსტრიის გიგანტის, „ბოინგის“ აქციები, რომელიც ყველაზე მსხვილი ამერიკელი ექსპორტიორია ჩინეთში. შტატების საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ჩინური ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის, „ალიბაბას“ აქციები 2.4 პროცენტით დაეცა.
შედარებით მცირედ, 0.5 პროცენტით გაუფასურდა Russell 2000-ის ინდექსი, რომელიც უფრო მცირე ზომის ამერიკულ საწარმოებს წარმოადგენს. ინვესტორები თვლიან, რომ მომცრო კომპანიები ნაკლებად დაზარალდებიან ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ფონზე. სამაგიეროდ გაიზარდა მოთხოვნა უფრო უსაფრთხო ფასიან ქაღალდებზე, როგორიცაა ამერიკის სახაზინო ობლიგაციები, გაძვირდა ოქრო.
რყევა კიდევ უფრო დიდი იყო აზიისა და განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე. ჩინური კომპანიების აქციებმა სამშაბათის ვაჭრობა 4 პროცენტიანი ვარდნით დაიწყეს. ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმადე გაუფასურდა ჩინური ეროვნული ვალუტა იუანიც. შანხაის საფონდო ბირჟის აქციები თითქმის 5 პროცენტით დაეცა, რაც 2016 წლის მეორე ნახევრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აზიურ საფონდო ბირჟებზე აქციები ბოლო ოთხი თვის მინიმუმზე ჩავიდნენ. ვარდნა განიცადა ავსტრალიურმა დოლარმა და სამხრეთ აფრიკის ვალუტამ.
რაც შეეხება ევროპის ბირჟებს, ამერიკულის მსგავსად, აქციები უფრო ზომიერად 1- 1.5 პროცენტით გაუფასურდა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში ბაზრების რყევა კიდევ გაგრძელდება, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის სატარიფო დაპირისპირება გლობალურ ვაჭრობას დააზარალებს.