მსოფლიოს ერთ-ერთი საკულტო სათამაშოების ქსელი Toys "R" Us აშშ-ში ყველა მაღაზიას ხურავს
70-წლიანი თამაში დასრულდა, მშვიდობით, ბავშვობავ, – ასე აფასებენ თავის დროზე ერთ-ერთი გიგანტი სათამაშოების მაღაზიის ქსელის ყოფილი თანამშრომლები Toys “R” Us-ის გაკოტრებას.
სათამაშოების საკულტო კომპანიის ჯერ კიდევ მოქმედი მაღაზიები შეერთებულ შტატებში პარასკევს, 29 ივნისს დაიხურება. მიზეზი კომპანიის გაკოტრებაა.
წარსულში სათამაშოების გიგანტმა კომპანიამ ეტაპობრივად, 2018 წლის მარტიდან დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში მოქმედი 739-მდე ფილიალიდან მაღაზიები ჯერ 400-მდე, შემდეგ კი 200-მდე შეამცირა. Toys “R” Us-ის გაკოტრებისა და მაღაზიების დახურვის შედეგად, აშშ-ში 31 ათასამდე ადამიანი უმუშევარი დარჩა.
Toys “R” Us-ის ქსელის ფილიალები ავსტრალიაშიც დაიხურა. რამდენიმე მაღაზია კანადასა და ევროპის რამდენიმე ქალაქში ჯერჯერობით კვლავ ღიაა. დანარჩენი პროდუქცია კი მხოლოდ ონლაინ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.
კომპანიის მენეჯერმა მადელინ გარსიამ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში Toys “R” Us-ის მომხმარებლებს მიმართა და სთხოვა, პარასკევს ყველა მივიდეს ახლომდებარე მაღაზიაში და „მათი შვილების საყვარელ ბრენდს გამოემშვიდობოს .“
ამავე ეთერში გამოითქვა ვარაუდი, რომ Toys “R” Us-ს კონკურენცია Amazon-ის online მაღაზიამ გაუწია. თუმცა ეს ვერსია თავად კომპანიის წარმომადგენლებმა უკომენტაროდ დატოვეს.
ნიუ ჯერსის ქალაქ ვეინში, 1948 წელს სათამაშოების მაღაზია გაიხსნა, სადაც ნაჭრისგან დამზადებული და ხისგან გაკეთებული სათამაშოები იყიდებოდა. ზუსტად 10 წლის თავზე ბიზნესმენმა ჩარლზ ლაზარუსმა სათამაშოების ბრენდს საბავშვო ავეჯიც დაამატა. მოგვიანებით მისი შვილობილი ქსელი Babies “R” Us გაიხსნა, სადაც ახალშობილების ტანსაცმელი, ტექსტილი და ავეჯი იყიდება. მას შემდეგ Toys “R” Us-ის ფერადი ბრენდი მილიონობით ბავშვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ სამყაროდ იქცა.
Toys “R” Us სათამაშოების პირველი ბრენდი იყო, რომელმაც ინტერაქტიული სათამაშოები დაამზადა, ეს ქსელი ასევე განთქმული იყო სამაგიდო და შემეცნებითი თამაშებით.
Toys “R” Us-ის ქარხანა და სათაო ოფისი ნიუ ჯერსიში მდებარეობს.