ზღვის მწვანე კუები უკვე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, რისი ძირითადი მიზეზიც არის ადამიანების მხრიდან ნადირობა, მათი კვერცხების შეგროვება, საცხოვრებელი გარემოს დეგრადირება და გარკვეული სახის ნაგავში გახლართვა.
თუმცა, ისინი ასევე დგანან ადამიანების მიერ გამოწვეული კიდევ ერთი, უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე: თითქმის აღარ იჩეკებიან მამრი კუები.
ალბათ უკვე იცით, რომ ამის მიზეზი ნაწილობრივ არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის ზრდა; თუმცა, ახალმა კვლევამ ამის კიდევ ერთი მიზეზი გამოავლინა, რაც ასევე ადამიანების მიერ არის გამოწვეული.
კვლევის ავტორის, ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგის, არტურ ბარაზას განცხადებით, გარკვეული დამაბინძურებლები შეიძლება ხელს უწყობდეს ზღვის კუების ფემინიზაციას.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ზღვის მამრი მწვანე კუების ნაკლებობით გამოწვეული გადაშენების რისკის მიზეზი შეიძლება იყოს დამაბინძურებლებით, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ზღვის კუების განვითარებისას სქესის პროპორციაზე — ზრდიდეს მდედრთა რაოდენობას“, — ამბობს ბარაზა.
ზღვის მწვანე კუების (Chelonia mydas) გავრცელების გეოგრაფიული არეალი საკმაოდ დიდი. ბინადრობენ ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისა და ხმელთაშუა ზღვის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ რეგიონებში.
მთლიანობაში იჩეკება გაცილებით ბევრი მდედრი, ვიდრე მამრი, მაგრამ დისბალანსის ხარისხი განსხვავდება რეგიონების მიხედვით. მკვლევართა განცხადებით, ზოგიერთ თბილ ადგილას, მაგალითად, დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთ ნაწილში, ყოველ ახლად გამოჩეკილ ერთ მამრზე რამდენიმე ასეული ახად გამოჩეკილი მდედრი მოდის.
მიზეზი ის არის, რომ ზღვის კუბში სქესს ტემპერატურა განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ემბრიონის სქესი განისაზღვრება ბუდეში, კვერცხების გარშემო ქვიშის ტემპერატურით. უფრო თბილი ქვიშა მდედრობით სქესად ჩამოყალიბებას ნიშნავს. რადგან მსოფლიოში ტემპერატურა მაღლა იწევს, მამრი კუები სულ უფრო იშვიათად იჩეკებიან.
თუმცა, როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, სექსის განსაზღვრაში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობს.
ახალ კვლევაში, ბარაზა და მისი კოლეგები ზღვის მწვანე კუებზე გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებდნენ დიდი ბარიერული რიფის სამხრეთით მდებარე პატარა ქვიშიან კუნძულ ჰერონზე.
იქ ყოველწლიურად 200 – 1800 მდედრი კუ დებს კვერცხებს; როგორც აღმოჩნდა, ამ კუნძულზე გამოჩეკილთა სქესის პროპორცია უფრო დაბალანსებულია, ვიდრე ეკვატორთან ახლოს. ჰერონზე გამოჩეკილ ყოველ მამრზე მხოლოდ 2-3 მდედრი მოდის.
მკვლევრებმა კუნძულზე ზღვის მწვანე კუების 17 საბუდარი შეისწავლეს; კვერცხებს დადებიდან ორი საათის შემდეგ აგროვებდნენ, შემდეგ კი ხელახლა ფლავდნენ ზონდების მახლობლად, რომლებიც საათობრივად იწერდნენ საბუდრისა და პლაჟის ზედაპირის ტემპერატურულ მონაცემებს.
გამოჩეკის შემდეგ, მკვლევრებმა პატარების სქესი აღრიცხეს და 18 მძიმე ლითონზე შეამოწმეს, მათ შორის, კადმიუმსა და ქრომზე, ასევე ორგანულ დამაბინძურებლებზე, მაგალითად, პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებზე (PAH), პოლიქლორირებულ ბიფენილებზე (PCB) და პოლიბრომირებულ დიფენილ ეთერებზე (PBDE).
„ცნობილია, რომ ეს დამაბინძურებლები ქსენესტროგენების როლს ასრულებენ, ანუ არის მოლეკულები, რომლებიც ებმიან მდედრობით სასქესო ჰორმონების რეცეპტორებს“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჯეისონ ფონ დე მერუე.
მდედრ კუებში ეს დამაბინძურებლები კვებისას ხვდება.
როდესაც მათში კვერცხი მწიფდება, შთანთქავს მდედრის მიერ აკუმულირებულ დამაბინძურებლებს და ემბრიონის ღვიძლს გადასცემს, სადაც ისინი გამოჩეკიდან წლების შემდეგაც კი რჩება.
კვლევამ დაადგინა, რომ კუნძულ ჰერონზე საბუდრებში სექსის პროპორციები ცვალებადია, მაგრამ უმეტეს საბუდარში მაინც მდედრები იჩეკებიან ჭარბად.
აღმოჩნდა, რომ თითოეულ ბუდეში მდედრებისკენ გადახრის ხარისხი აჩვენებდა კავშირს გამოჩეკილებში ქსენესტროგენის დონესთან — გამოჩეკილთა ღვიძლში დამაბინძურებლების მაღალი დონე დაკავშირებული იყო საბუდარში მეტი მდედრის გამოჩეკასთან.
უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა ნათელი გახდეს, შეაქვს თუ არა ამ დამაბინძურებლებს წვლილი სქესის პროპორციის სხვაობებში, მაგრამ გამოვლენილი კავშირი უკვე იმსახურებს ყურადღებას, თუ გავითვალისწინებთ მამრების გამოჩეკის ძლიერ შემცირებას და ზღვის კუების წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებს.
„რადგან სქესის პროპორცია 100 პროცენტით მდედრებს უახლოვდება, ზრდასრული მდედრებისთვის მეწყვილეს პოვნა სულ უფრო რთულდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების პირობებში, რაც საბუდარ პლაჟებს ათბობს და მეტი მდედრის გამოჩეკას განაპირობებს“, — ამბობს ბარაზა.
როგორც ეს კვლევა მიუთითებს, სათბური აირების გამოყოფის შემცირების გარდა, უნდა მოხდეს ზოგიერთი ესტროგენური დამაბინძურებლის კონტროლიც, რაც მამრი კუების გამოჩეკის შემცირებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა უნდა იყოს.
კვლევა Frontiers in Marine Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.griffith.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.