მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები დღეს ილია მეორეს შეხვდებიან
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები დღეს ილია მეორეს შეხვდებიან

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს ეწვია. დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დღეს, 12:00 საათზე შეხვდება.

როგორც ​​საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხსაც.

„შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. არ ვფიქრობ, ამ ვიზიტმა მკვეთრად შეცვალოს ჩვენი პოზიცია. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და მეტი ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, მით მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს მკაფიოდ. ასე რომ, დროთა განმავლობაში შესაძლოა ზოგიერთმა სასულიერო პირმა ან ეკლესიამ გამოთქვას ან შეცვალოს საკუთარი აზრი. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომლებიც ჯერ შესწავლის პროცესშია.

ეს შეხვედრა არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის უკვე არსებულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. დელეგაციის წევრები ჩამოდიან ვითარების შესაფასებლად და აზრები ალბათ ორმხრივად გამოითქმება“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.