მსოფლიო საპატრიარქო - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება დეკემბერში გაიმართება
მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებული კრება დეკემბერში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. კრების გამართვის ზუსტ თარიღს 27-29 ნოემბერს სტამბოლში დაგეგმილ სინოდის სხდომაზე დაასახელებენ.
„მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომის მომზადების ფარგლებში, რომელიც 27-29 ნოემბერს გაიმართება, კონსტანტინოპოლის პატრიარქი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი მიანიჭოს. გამაერთიანებელი კრებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ის 2018 წლის დეკემბერში გაიმართება და კონკრეტული თარიღი სინოდის სხდომაზე დადგინდება და გამოცხადდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების გამაერთიანებელი კრება 9-10 დეკემბერს გაიმართება. ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ, რომელიც ტომოსის მინიჭების შემდეგ, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ხელმძღვანელი იქნება.