მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები 14 ივლისს ფიჯის დაუპირსპირდება - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდნარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქრთველოს ნაკრები მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობს ბრძოლას და ნახევარფინალურ შეხვედრაში 14 ივლისს ფიჯის გუნდს დაუპირისპირდება.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ავსტრალიასა (11:35) და ირლანდიასთან (16:22) დამარცხდნენ, ხოლო იტალიას 28:17 მოუგეს.
რაც შეეხება ფიჯის ნაკრებს, კუნძულელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი წააგეს – სამხრეთ აფრიკასთან 7:57, ინგლისთან 11:48 და არგენტინასთან 12:52.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 14 ივლისს 18:30 საათზე დაიწყება.
იტალიასთან თამაშის შემდეგ უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სასტარტო შემადგენლობაში სამწვრთნელო შტაბმა ორი ცვლილება განახორციელა – ტრავმა მოიშუშა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ითამაშებს მესამეხაზელი გიორგი გერგედავა, ოთარ მეტრეველმა გარემარბის პოზიციიდან ფულბეკად გადაინაცვლა, მის ადგილზე კი მარქაფადან ტარიელ ბურთიკაშვილი დაწინაურდა.
ორი ცვლილებაა თადარიგშიც – განაცხადში მესამეხაზელი ლუკა სულუაშვილი და მგეზავი გელა ხელაძე მოხვდნენ.
მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მეორე ნახევარფინალში იტალია ესპანეთს ეთამაშება. ნახევარფინალებში გამარჯვებულები მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებენ.
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი („აია“), 14. ლუკა კეშელავა („არმია“), 13. ლუკა კობაური („ლეუკატე“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 10. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 9. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“);
შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე („ნევერი“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. დავით მჭედლიძე („ტულონი“), 4. დავით ლაგვილავა („გრენობლი“), 5. თემურ წულუკიძე („იუნკერები“), 6. გიორგი გერგედავა („კლერმონი“), 7. ანდრო დვალი („ლელო“), 8. ნიკა ლომიძე („ბეიონი“, კაპ.).
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 17. ლუკა კოტორაშვილი („მონპელიე“), 18. დავით ქუნთელია („პროვანსი“), 19. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 20. ლუკა სულუაშვილი („ორიაკი“); 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი („ლელო“), 22. გელა ხელაძე („ლელო“), 23. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“).