მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, შარშანდელთან შედარებით, საქართველო 12 საფეხურით დაწინაურდა
2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, რომელსაც ყოველწლიურად არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილზეა.
2022 წლის ამავე ინდექსში საქართველო 89-ე პოზიციაზე იყო და 59,3 ქულა ჰქონდა.
საქართველოში არსებული სიტუაციის მოკლე მიმოხილვაში, რომელიც „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს“ თან ახლავს, ნათქვამია, რომ „ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოში მედიათავისუფლების გაუმჯობესებისკენ“.
„გარემო სულ უფრო მტრული ხდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის. 2021 წელს ქვეყანამ იხილა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტო რაოდენობა“, – ნათქვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.
ამავე აღწერაში აღნიშნულია, რომ მედიალანდშაფტი საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა ამავე დროს ძალზედ პოლარიზებული.
„მანიპულაციები, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ძლიერდებიან, ბეჭდური მედიის მკითხველთა რიცხვი მცირდება, ხოლო ონლაინ მედიასაშუალებების აუდიტორია მზარდია“, – ნათქვამია „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ შეფასებით ნაწილში.
ამასთან, ინდექსის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო 2020 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის.
„ასეთი გარემო ხელს უწყობს მდგრად კონკურენციას სატელევიზიო ქსელების გასაკონტროლებლად. საქართველოს კანონმდებლობა უკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას, მაგრამ დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ მფლობელთა ინტერესებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ახლო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ მედიას, რომელიც ხდება მთავრობის მხრიდან ჩარევის ობიექტი. ამასთან ერთად, მთავრობა ხშირად უარს ამბობს, გასცეს პასუხი იმ მედიის კითხვებს, რომელიც მათ აკრიტიკებს, ხოლო ხანდახან მიმართავენ ცენზურას, რეიდებს, ცილისმწამებლურ კამპანიებს და დაშინებას“, – ნათქვამია 2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში“.
მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის შეფასებით ნაწილში ასევე წერია, რომ საქართველოში „სასამართლოები ცდილობდნენ, წყაროების კონფიდენციალობას დასხმოდნენ თავს, რაც გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით არის დაცული“.
საქართველოში ეკონომიკური კონტექსტის შეფასებისას მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ნათქვამია, რომ „ბეჭდური და ონლაინ მედიისთვის სარეკლამო ბაზარი საქართველოში განუვითარებელია და ეს მედია ძირითადად დაფინანსებულია დასავლური დონორების მიერ.“
ინდექსში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს საზოგადოებაში არსებობს დაპირისპირება კონკრეტულ საკითხებზე, რაც ზეგავლენას ახდენს ჟურნალისტების მიერ მოვლენების გაშუქებაზე“.
2023 წლის „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის“ ავტორები საუბრობენ ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებზე, მათ შორის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ამ კონტექსტში აღნიშნულია „2021 წლის ივლისში გამართულ ჰომოფობიურ კონტრაქციებზე 50 ჟურნალისტზე მომხდარი ძალადობრივი თავდასხმა, რაც ხდებოდა უსაფრთხოების სამსახურების პასიურობის ფონზე“.