მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუს „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 100 ათასს გადაცდა. საერთო ჯამში, ვირუსს დღემდე 3 406 ადამიანი ემსხვერპლა, 55 694 კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთის შემდეგ სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია დაინფიცირებული. იტალიაში ვირუსს 148, ირანში კი 124 ადამიანი ემსხვერპლა.
„კოვიდ 19“-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ვატიკანში, სერბეთსა და კამერუნში. ვატიკანში დაინფიცირებული ვინაობას არ ასახელებენ. სერბეთში 43 წლის მამაკაცია ინფიცირებული, რომელიც ბუდაპეშტში იმყოფებოდა.
6 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპვის პირველი შემთხვევა დადასტურდა ნიდერლანდებში. ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, 86 წლის მამაკაცი როტერდამის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი „კოვიდ 19“ მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.