მსოფლიო მასშტაბით, 2021 წელს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულმა ზარალმა 170 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ქრიშთიან ეიდის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბუნებრივმა კატასტროფებმა მსოფლიოს 170 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 20 მილიარდი დოლარით მეტია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორგანიზაციამ შესაბამისი დასკვნა სადაზღვევო კომპანიების ანგარიშებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ბუნებრივი კატასტროფების მიზეზად კლიმატურ ცვლილებებს ასახელებს.
ფინანსური ზიანის დათვლა ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში მომხდარი კატასტროფების შედეგად მოხდა. ორგანიზაციის ცნობით, ზარალი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურა ხშირ შემთხვევაში, დაზღვეული არ არის, ამიტომ ზარალის ოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე წელს ათმა ყველაზე დამანგრეველმა ბუნებრივმა კატასტროფამ სულ მცირე ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 1,3 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.
2021 წელს ყველაზე დიდი ზარალი ქარიშხალმა „იდამ“ გამოიწვია, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ და სამხრეთ შტატებს დაატყდა თავს. ქარიშხლით გამოწვეულმა ზარალმა 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ქარიშხალ „იდას“ შემდეგ ყველაზე დამანგრეველ ბუნებრივ კატასტროფად, ევროპაში, კერძოდ, გერმანიასა და ბელგიაში მომხდარი წყალდიდობა დასახელდა, რომლის ზარალმა 43 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის ყველაზე დამანგრეველ ბუნებრივ კატასტროფათა რიცხვში შევიდნენ ტეხასის შტატში მომხდარი ქარიშხალი, წყალდიდობა ჰენანის პროვინციაში, ჩინეთში, წყალდიდობა კანადაში და დამანგრეველი ციკლონი ინდოეთსა და ბანგლადეშში.