მსოფლიო ლიდერების ოფშორულ ოპერაციებზე, ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა მასალები გაავრცელა
ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) Paradise Papers-ის სახელით გაავრცელა მასალები, რომლებიც მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ოფშორულ ოპერაციებს უკავშირდება.
ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდა ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონი დოკუმენტი, რომლებიც ოფშორული კომპანიების საქმიანობას ეხება. Paradise Papers-ი სულ 13,4 მილიონ ფაილს მოიცავს. დოკუმენტები 1950- 2016 წლებს მოიცავს. ისევე, როგორც „პანამის დოკუმენტების“ შემთხვევაში, Paradise Papers-ის დოკუმენტები თავდაპირველად გერმანულმა გამოცემა Suddeutsche Zeitung-მა მიიღო. გაზეთმა მასალები ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა. კონსორციუმი 67 ქვეყნის 96 მედიასაშუალებას აერთიანებს.
გამოქვეყნებული დოკუმენტებში ფიგურირებენ გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები – ვაჭრობის მდივანი უილბურ როსი და სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი, კანადის ყოფილი პრემიერები, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალ ილდირიმის შვილები, რუსეთის დუმის დეპუტატები ალექსეი ეზუბოვი და
ვლადიმირ ბლოცკი, „როსნეფტის“ ხელმძღვანელის ყოფილი ცოლი მარინა სეჩინა, ასევე მომღერლები მადონა და ბონო. მასალებში ნახსენებია ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Apple, Nike, Uber- ი.
ამჟამად Paradise Papers-ის მასალების მხოლოდ ნაწილი გამოქვეყნდა. დანარჩენი დოკუმენტები კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გასაჯაროვდება. დოკუმენტებში ნაჩვენებია ის, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკოსები, ტრანსნაციონალური კორპორაციები და ცნობილი ადამიანები რთულ სქემებს ფინანსური საქმიანობის დასამალად ან გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ამასთან, როგორც BBC აღნიშნავს, ტრანზაქციების უმეტესობა კანონის ფარგლებში განხორციელდა.