მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადების 92 შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 12 ქვეყანაში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 92 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს.
ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განმარტებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ დაფიქსირდა. საკრუიზო ლაინერზე ამ დრომდე იმყოფება სამი ათასამდე ადამიანი. მათგან ნახევარი იაპონელები არიან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლაინერიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა. საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავენ ავსტრალია, კანადა, იტალია და სამხრეთ კორეაც.
საკრუიზო ლაინერი „დაიმონდ პრინცესი“ იაპონიის სანაპიროსთან 3 თებერვლის შემდეგ იმყოფება. ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.
რაც შეეხება ჩინეთს, აზიურ სახელმწიფოში ამ დრომდე კორონავირუსის 72 528 შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა რიცხვმა კი, 1 850-ს მიაღწია.