მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.
პროგრამა ESPIRE, ჯამში, სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის.
„ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ“, – აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.
მათივე ცნობით, პროგრამა ESPIRE შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.
„პროგრამა ESPIRE-ის წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა.
როგორც მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, პროგრამა ESPIRE-ის პირველი ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიზნად ისახავს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებასა და შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოების მხარდაჭერას, როგორებიცაა შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით.
„BSSC პროექტის განხორციელების მზაობის ასამაღლებლად პირველი ფაზა ასევე მოიცავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, პროგრამა ESPIRE-ის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში, რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით.
პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს“, – აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა დამტკიცდა. პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის“, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა ESPIRE-ის პირველი ეტაპი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელ სამუშაოების განხორციელებას. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. პროექტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას და კავშირებს მთელ რეგიონში“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია „ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობისა და წვდომის“ და „დიგიტალიზაციის დაჩქარების“ შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, და ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე.