მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. საერთაშორისო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4,2 პროცენტით გაიზრდება, 2019 წელს 4,7 პროცენტით, 2020 წელს კი 5 პროცენტით.
წინა ანგარიში 2017 წლის ივნისში გამოქვეყნდა. მაშინ მსოფლიო ბანკი 2018 წელს 4-პროცენტიან, 2019 წელს კი 4,5-პროცენტიან ზრდას ვარაუდობდა.
გაუმჯობესებულია 2017 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებაც. წინა ანგარიშში მსოფლიო ბანკმა მიუთითა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3,5 პროცენტით გაიზრდებოდა, ახლა კი სავარაუდო მაჩვენებელი 4,3 პროცენტს შეადგენს.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წლის 11 თვეში ეკონომიკური ზრდა 4,8 პროცენტი იყო. 2018 წელს კი საქართველოს მთავრობა 4,5-პროცენტიან მაჩვენებელს ვარაუდობს.