მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოსალოდნელია 3.6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა; აღმავალი ექსპორტი და სამრეწველო საქონლის ფასების სტაბილიზაცია ნაწილობრივ დააბალანსებს 2020 წლის ბოლოს პანდემიის მეორე ტალღით და ახალი შემთხვევების ბოლოდროინდელი მატებით გამოწვეულ ზემოქმედებას, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ბიულეტენში.
დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ორპროცენტიანი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, 2021 წლის ზრდა კვლავაც შენელებულია. შარშანდელი ვარდნა მოსალოდნელზე მცირე აღმოჩნდა რეგიონის ორი უმსხვილესი ეკონომიკის გამო – თურქეთმა შედარებით სწრაფი აღდგენა შეძლო, ხოლო რუსეთმა შოკისადმი მდგრადობა გამოავლინა. აღმავალმა მრეწველობამ, ექსპორტზე მოთხოვნის მატებამ, მზარდმა სასაქონლო ფასებმა და ფისკალურმა და მონეტარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო აღნიშნული შედეგის დადგომას. ამავე დროს, მძიმე დარტყმა მიადგა ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მეტწილად მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებზე არიან დამოკიდებულნი. სოციალური დისტანცირების აუცილებლობამ და მობილობის შეზღუდვამ განაპირობა ამ სფეროებში უარყოფითი ზემოქმედების შენარჩუნება.
2022 წლისთვის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 3.8 პროცენტამდე მოიმატებს, ვინაიდან პანდემიის ზემოქმედება თანდათანობით შესუსტდება, ხოლო ვაჭრობა და ინვესტიციები აღდგება. მიუხედავად ამისა, სამომავლო პერსპექტივა არასტაბილურია და ზრდის მაჩვენებელი შეიძლება, გაუარესდეს, თუკი პანდემია მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება, გაჭიანურდება ვაქცინაცია, გაუარესდება გარე დაფინანსების პირობები სხვადასხვა მიზეზების გამო, იქნება ეს გლობალური საპროცენტო განაკვეთების ზრდა, ინვესტორთა განწყობის გაუარესება, თუ გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის სამხრეთ კავკასიამ 2020 წელს ერთ-ერთი უმწვავესი ეკონომიკური კოლაფსი განიცადა, რაც კონფლიქტმა და „კოვიდ-19“-ის შემთხვევებისა და სიკვდილობის მაღალმა მაჩვენებლებმა განაპირობა. ამას 2021 წელს ეკონომიკური ზრდის 3.1 პროცენტამდე, ხოლო 2022 წელს 4.2 პროცენტამდე მატება მოჰყვება, პროგნოზის მიხედვით.
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს ოთხი პროცენტით, ხოლო 2022 წელს ხუთი პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება „კოვიდ-19“-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა – გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა.
„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში პანდემია სავარაუდოდ წაშლის ერთ სულ მოსახლეზე მიღებულ სულ მცირე ხუთწლიან შემოსავალს და გაზრდის სიღარიბის მაჩვენებელს ძირითადად სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. ზოგადად, ზრდის ტემპის აჩქარების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება რეგიონში დაბალ დონეზეა და ჩამოუვარდება პანდემიამდე არსებულ ტენდენციას.
„პანდემია კვლავ ახდენს გავლენას ეკონომიკურ საქმიანობაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა, პოლიტიკის შემმუშავებლებმა ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ეკონომიკაზე მოკლევადიანი ზემოქმედების დაძლევის მცდელობის პარალელურად შესაძლებლობები გრძელვადიან გამოწვევებზე რეაგირებისთვის უნდა გამოიყენონ, რაც გულისხმობს პროდუქტიულობის ზრდას, ძლიერი კერძო სექტორის შექმნას, ინსტიტუციების გაუმჯობესებას და სვლას დაბალნახშირბადიანი, „მწვანე“ და ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ.
აღნიშნული გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიან მმართველობას. პანდემიამ ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას მსოფლიოში, მთავრობების როლის გათვალისწინებით ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე და სოციალურ მდგომარეობაზე ვირუსის ზემოქმედების შერბილებაში. ღონისძიებების სპექტრი მოიცავდა გადასვლას ინფექციის გავრცელების კონტროლის მიზნით გადაადგილების შეზღუდვიდან ვაქცინაციის პროგრამებზე, შემსუბუქების ღონისძიებების პაკეტებს პანდემიის ეკონომიკური ზემოქმედებისგან ფიზიკური პირების და ფირმების დასაცავად, და ვირტუალური სწავლის გზების შემუშავებას მილიონობით სკოლის მოსწავლისთვის.
ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ეფექტიან მმართველობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიულად ეკონომიკის ფორმირებაში მთავრობის დიდი როლის გამო. სამთავრობო ხარჯები რეგიონში დაახლოებით ეკონომიკის 40 პროცენტს შეადგენს და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია რეგიონის ყველაზე განათლებული და პროდუქტიული სამუშაო ძალის მეოთხედზე მეტი. საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების 57 პროცენტი ქალია. მთავრობის როლი რეგიონის ქვეყნებში მომდევნო წლებში სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იქნება ჯანდაცვასა და ასაკოვან მოსახლეობაზე გრძელვადიანი ზრუნვის და უთანასწორობის მიმართ სახელმწიფო ინტერვენციების საზოგადოების მიერ მხარდაჭერის გაფართოების საჭიროებით, და „კოვიდის“ პირობებში ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებით.
სპეციალურ ანალიზში „მონაცემების, დიგიტალიზაციის და მმართველობის შესახებ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ანგარიში იკვლევს მონაცემების და დიგიტალიზაციის პოტენციურ როლს რეგიონში მმართველობის გაუმჯობესებაში.
„COVID-19-ით განპირობებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით მმართველობის გაუმჯობესებამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა რეგიონში“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ-კუნტმა. მისივე თქმით: „ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემთა რევოლუცია ახალ პოტენციალს გვთავაზობს ეფექტიანობის, გამჭვირვალობის, რეაგირებისა და მოქალაქეთა ნდობის ასამაღლებლად, რომელთაგან თითოეული უშუალოდ აუმჯობესებს მართვის ხარისხს“.
მონაცემები მყარ საფუძველს ქმნის უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, მთავრობის ოპტიმიზებული ფუნქციონირებისთვის და რესურსების გაცილებით ეფექტური განაწილებისთვის, ხოლო დიგიტალიზაცია აძლიერებს აღნიშნულ პროცესებს და შესაძლებელს ხდის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის მაღალი დონის მიღწევას.
მონაცემთა რევოლუციის გავლენის გასაფართოებლად აუცილებელია მთავრობის დიგიტალიზაციის გაძლიერება და მონაცემთა დეცენტრალიზებული სისტემების კოორდინაცია ინსტიტუტებს შორის. მართვის ხარისხს სულ უფრო მეტად განაპირობებს ის, თუ რამდენად იყენებენ საჯარო უწყებები ციფრულ ინსტრუმენტებს და ტექნოლოგიებს მართვის, მომსახურების მიწოდების და ზოგადად სახელმწიფოს შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. მთავრობებმა უნდა დანერგონ სტიმულირების მექანიზმები საჯარო სამსახურში მონაცემთა სისტემების დანერგვის და ადაპტაციის წახალისების მიზნით.
მონაცემთა რევოლუცია და დიგიტალიზაცია ასევე იძლევა შესაძლებლობას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გამყარდეს ნდობა, რომელიც თავის მხრივ, ეფექტური თანამშრომლობას უზრუნველყოფს. აღნიშნულის განსახორციელებლად ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მექანიზმია „ღია მთავრობის მონაცემები“, რომელიც ამცირებს საჯარო სექტორის მონაცემების შეგროვების, ანალიზის და გავრცელების საოპერაციო ხარჯებს და იძლევა მმართველობის ხარისხის გაცილებით სრულყოფილი აღქმის საშუალებას. მთავრობის მონაცემებზე ღია წვდომის უზრუნველყოფას ასევე შეუძლია სოციალური არხების საშუალებით დეზინფორმაციის გავრცელების პრევენცია. პირდაპირი უკუკავშირის მექანიზმების ხელშეწყობა მოქალაქეებს და მთავრობას შორის არა მარტო გააუმჯობესებს საჯარო სერვისების მიწოდებას, არამედ განამტკიცებს ნდობას და ლეგიტიმურობას.
ინფორმაციას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.