მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს კლინიკებს კოვიდპაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1000 ჟანგბადის კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები მიიღო. სამედიცინო ინვენტარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერა.
სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე „კოვიდ-19“-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდ-კლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.
აღნიშნულის გამოყენება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით ბინაზე მიმდინარე მკურნალობის პირობებშიც შესაძლებელია.
„მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 1 000 ჟანგბადის კონცენტრატორი, სიპაპები და კომბინირებული სიპაპები გადმოგვეცა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი მივიღეთ, რომელიც ძირითადად სახელმწიფო კლინიკებში განთავსდება: რუხში, თბილისსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ადგილზე დავათვალიერეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელსაც საქართველოს დახმარებაში მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ კოვიდინფიცირებულები მალე გამოჯანმრთელდნენ. მსურს, მადლობა გადავუხადო მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, ექთნებს. ეს ადამიანები თითოეული ჩვენგანის დასაცავად საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიცავით უსაფრთხოების წესები, დისტანცია და ატარეთ პირბადე“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.