მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება
მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 2019 წლის 8 იანვარს გამოქვეყნდა, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო საშუალო ზრდა 2018-2021 წლებში 5.1 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით.
„მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში აქვეყნებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, 2018 და 2019 წლებისთვის 0.8 და 0.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2019 წლისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, მაშინ, როცა შემცირების მიმართულებით გადაიხედა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, შეზღუდულია და მცირეა მათი უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.