მსოფლიო ბანკი საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონ ევროს გამოყოფს
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
საფინანსო ინსტიტუტი განმარტავს, რომ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის ასევე, დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტის ამოცანა იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.
„ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკროფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები.
ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ასევე, COVID-19- ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები“ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტთან.