მსოფლიო ბანკი - კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, – ასეთ მონაცემებია მოყვანილი მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში“.
კერძოდ, კორუფციის კონტროლის მხრივ 100%-იან შკალაზე საქართველოს ქულა 77,40%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორის მოხვდა და ამ მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორებიც არის მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა „რეგულაციის ხარისხშიც“. საქართველომ შეფასების 100%-იანი შკალიდან 81.73%-ი დაიმსახურა და 2017 წელს მსოფლიოში 38-ე ადგილზეა.
2012 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ამ მაჩვენებელში 17 ადგილითაა გაუმჯობესებული. რეგულაციის ხარისხის ინდიკატორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბალტიის ქვეყნებთან ერთად ლიდერია. ის ასევე უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ესპანეთი (42), პორტუგალია (43), პოლონეთი (44), იტალია (52) და სხვა. ეს ინდიკატორი აფასებს, თუ რამდენად ჯანსაღია საქართველოს მთავრობის მიერ კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად შემუშავებული პოლიტიკა და როგორ ხდება მისი განხორციელება.
საქართველოს პოზიციები მმართველობის ეფექტიანობის ინდიკატორშიც გაუმჯობესდა. ქვეყანა 72,12 ქულით 59-ე პოზიციაზეა. ამ შემთხვევაშიც საქართველოს შეფასებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს უნგრეთს (63), იტალიას (64), საბერძნეთს (71), ბულგარეთს (76), სერბეთს (83), სომხეთს (105), აზერბაიჯანს (111), რუმინეთს (113) და სხვა.
„მმართველობის ეფექტიანობის“ ინდიკატორი აფასებს საჯარო და სამოქალაქო სერვისებს და მათ პოლიტიკური წნეხისგან დამოუკიდებლობის ხარისხსს. ასევე, თუ რამდენად სანდოა ხელისუფლება ამ კუთხით პოლიტიკის შემუშავების განხორციელებაში.
2017 წელს რეიტინგში საქართველოს პოზიციები სამ ინდიკატორშია შემცირებული. კერძოდ – პოლიტიკური სტაბილურობა, გამოხატვის უფლება, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა.
პოლიტიკური სტაბილურობის ინდიკატორში საქართველოს ქულა 32,38%-ს შეადგენს და რეიტინგში 143-ე ადგილზეა. ქვეყნის მაჩვენებელი შემცირებულია გამოხატვის უფლებისა და ანგარიშვალდებულების ინდიკატორშიც – საქართველომ 54,68 ქულით 93-ე ადგილი დაიკავა. 2016 წელს საქართველოს რეიტინგში 91-ე ადგილი ეკავა;
კანონის უზენაესობის ინდიკატორში საქართველო 78-ე პოზიციაზეა 62,98 % ქულით, 2016 წელს საქართველოს 74-ე პოზიცია ეკავა.
გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33).
მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 200 ქვეყანას მმართველობის სულ ექვსი მიმართულებით აფასებს. ესენია გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლა, მმართველობის ეფექტიანობა, რეგულაციების ხარისხი, კანონის უზენაესობა, კორუფციის კონტროლი.
კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.