მსოფლიო ბანკი - კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირებისა და მიწოდების შეფერხების გამო, 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა
მსოფლიო ბანკი - კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირებისა და მიწოდების შეფერხების გამო, 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო საქონლის ჭარბი მარაგების მიუხედავად, სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „სასაქონლო ბაზრების მიმოხილვის“ აპრილის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა შოკმა სასაქონლო პოზიციების უმეტესობაზე ფასების ვარდნა განაპირობა და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვნად დაბალი ფასების დაფიქსირება.

ანგარიშთან დაკავშირებით პრესრელიზის მსოფლიო ბანკი ქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მოულოდნელმა გაჩერებამ ყველაზე დიდი გავლენა ენერგომატარებლებისა და ლითონების ფასებზე იქონია და მოსალოდნელია სერიოზული გლობალური რეცესია. ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა. რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

„წარმოუდგენელ ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, პანდემიის ეკონომიკური გავლენა შეამცირებს მოთხოვნას და შეაფერხებს მიწოდებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ამ საქონელზე დამოკიდებულ განვითარებად ქვეყნებზე“,  – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე -პრეზიდენტმა, ჯეილა პაზარბაშიოღლუმ.

მისივე თქმით, „პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის აღმოჩნდება“.

ამასთან, ნედლი ნავთობის ყოველთვიური საშუალო ფასი 50 პროცენტით დაეცა იანვრიდან მარტამდე პერიოდში. ფასებმა ისტორიულ მინიმუმს აპრილში მიაღწია, ზოგიერთი საბაზისო სავაჭრო მონაცემის უარყოფითი მნიშვნელობით.

„სავარაუდოდ, 2020 წელს ბარელის ფასი საშუალოდ 35 აშშ დოლარი იქნება, რაც ოქტომბრის პროგნოზის მკვეთრი დაღმავალი ცვლილებაა და 43 პროცენტიანი კლებაა 2019 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც ბარელზე 61 აშშ დოლარს შეადგენდა. ასეთი შემცირება ასახავს მოთხოვნის ისტორიულად უდიდეს ვარდნას. ნედლი ნავთობის ფასის შემცირებას კიდევ უფრო ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და ნავთობის სხვა მწარმოებლებს შორის არსებულ საწარმოო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ზოგადად, 2020 წელს მოსალოდნელია ენერგორესურსების (მათ, შორისაა ბუნებრივი გაზი და ნახშირი) ფასების 40 პროცენტით კლება, ხოლო 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდისკენ შემობრუნება.

ლითონის ფასები ასევე დაეცა 2020 წლის დასაწყისში. მნიშვნელოვნად შემცირდა სპილენძის და თუთიის ფასი, რაც განსაკუთრებით უკავშირდება გლობალურ ეკონომიკურ საქმიანობას. მოსალოდნელია 2020 წლის განმავლობაში ლითონის ფასების კლება 13 პროცენტით, რადგან შემცირებული მოთხოვნა და ძირითადი დარგების გაჩერება ბაზარს მძიმე ტვირთად აწვება. გლობალური ეკონომიკური ვარდნა ყველაზე მეტად გავლენას იქონიებს სამრეწველო ლითონებზე, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელზეც მოდის ლითონებზე არსებული მსოფლიო მოთხოვნის ნახევარზე მეტი“, – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ამასთან, მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო ფასები ნაკლებად არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე და მხოლოდ უმნიშვნელო კლება აღინიშნა 2020 წლის პირველ კვარტალში, რეზინის გარდა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში გამოიყენება.

ანგარიშში მითითებულია, რომ ძირითადად მოსალოდნელია ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წლის განმავლობაში, რამდენადაც წარმოების დონეები და ძირითადი სასურსათო პროდუქციის მარაგები რეკორდულად მაღალია. თუმცა, შესაძლებელია სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოება შეფერხების წინაშე აღმოჩნდეს ნედლეულით (მაგ. სასუქი, პესტიციდები) ვაჭრობაში და დისტრიბუციაში არსებული შეფერხების და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობის გამო. მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ უკვე იქონია გავლენა განვითარებად ბაზრებზე და ისეთი მალფუჭებადი პროდუქტების ექსპორტის განვითარებაზე, როგორებიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული.

„ეს უდიდესი შოკია სასაქონლო ბაზრებისთვის. დაბალმა ფასებმა ნავთობზე შეიძლება, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს განვითარებად ქვეყნებზე და საფრთხე შეუქმნას აუცილებელ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს გრძელვადიან ზრდას და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნას. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პრობლემებზე ინტერვენციების მეშვეობით ენერგიის მრავალფეროვან წყაროებში, მდგრად ტრანსპორტში და ციფრულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომაში, რომელიც ადამიანებს მისცემს ინტერნეტთან დაკავშირების საშუალებას ასეთ რთულ პერიოდში. ეს გადამწყვეტი იქნება არსებითი სოციალური სერვისების მისაწოდებლად, სამუშაო ადგილების დასაცავად, ბიზნესის მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენად“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის სფეროში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მახტარ დიოპმა.

ანალიზის თანახმად, შესწავლილ იქნა COVID-19 პანდემიის ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე. შერბილების ღონისძიებებს, რომლებიც ვირუსის კონტროლის მიზნით ხორციელდება, შედეგად მოჰყვა ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნა. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას შეუძლია, სხვა საქონლის მოხმარების ცვლილების და წარმოების შემცირების გამოწვევა და ასევე, სურსათით უზრუნველყოფისთვის საფრთხის შექმნა. პანდემიას აქვს სასაქონლო მოთხოვნაზე და მიწოდებაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ზემოქმედების პოტენციალი.
„ნავთობის ფასების კლება პოლიტიკის შემმუშავებლებს განვითარებად ბაზრებზე და ქვეყნებში ენერგოსუბსიდიების რეფორმების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. ამ რეფორმებს შეუძლია, თავისუფალი ხარჯვის ხელშეწყობა პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის, ენერგორესურსების არაგონივრული მოხმარების შეწყვეტა და ხარჯების გადანაწილება მოსახლეობის ღარიბი ფენის დასახმარებელ პროგრამებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

გამოცემის კიდევ ერთი ანალიტიკური თავი OPEC-ს სხვა მსგავსი საქონლის მიწოდების მართვის ხელშეკრულებების კონტექსტში განიხილავს. რელიზში აღნიშნულია, რომ ასეთი ხელშეკრულებები დაირღვა დროთა განმავლობაში ეკონომიკური ძალებისა და სხვა მოვლენების წნეხის გამო და OPEC -იც შესაძლოა, იმავე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს.