მსოფლიო ბანკი „დუინგ ბიზნესის" ანგარიშის გამოქვეყნებაზე უარს ამბობს
მსოფლიო ბანკი „დუინგ ბიზნესის” ანგარიშის გამოქვეყნებაზე უარს ამბობს. ამის მიზეზად გასულ წლებში რეიტინგის მომზადების დროს აღმოჩენილი ხარვეზები დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შიდა აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობისგან „გადამეტებული ზეწოლა“ დაფიქსირდა. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის „დუინგ ბიზნესის” რეიტინგის გამოქვეყნებამდე მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებმა ზეწოლა განახორციელეს, რათა კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია შეცვლილიყო და ჩინეთის პოზიციები გაუმჯობესებულიყო.
ანგარიშის ავტორები ასახელებენ მსოფლიო ბანკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ კრისტალინა გეორგიევას და ამტკიცებენ, რომ ის ჩინეთისთვის ქულების გაზრდას და რეიტინგში მის დაწინაურებას ითხოვდა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მსოფლიო ბანკს კაპიტალის გასაზრდელად ჩინეთის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
შედეგად, 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, ჩინეთი შვიდი საფეხურით დაწინაურდა.
კრისტალინა გეორგიევამ, რომელიც ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უკვე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ აუდიტორმა კომპანიამ გარკვეული უზუსტობები აღმოაჩინა მონაცემებში, რომელთა მიხედვითაც, „დუინგ ბიზნესის“ 2020 წლის ანგარიშში საუდის არაბეთისა და აზერბაიჯანის პოზიციები განისაზღვრა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში, ბანკის მაღალჩინოსნების მხრიდან დარღვევების მტკიცებულება არ იყო აღმოჩენილი.