მსოფლიო ბანკი - ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის
მსოფლიო ბანკი - ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის

ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციას განიცდის, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის – „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ ივნისის გამოშვება დღეს გამოქვეყნდა. ანგარიში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წელს, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაცია, თუმცა უახლესი ისტორიული სტანდარტებით სუსტ დონეზე. გლობალური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს 2.6%-ის დონეზე შენარჩუნდება, ვიდრე 2025-26 წლებში 2.7%-იან საშუალო მაჩვენებელს მიაღწევს. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაბალია პანდემიამდელი ათწლეულის 3.1%-იან საშუალო მაჩვენებელზე.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ქვეყნებში, რომლებზეც ერთობლივად მსოფლიოს მოსახლეობის და მთლიანი შიდა პროდუქტის 80% მოდის, 2024-26 წლებში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, გაცილებით ნელა გაგრძელდება, ვიდრე პანდემიის წინა პერიოდში. ზოგადად, განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2024-25 წლებში, საშუალოდ, 4% იქნება, რაც ოდნავ ნაკლებია 2023 წლის მონაცემზე. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 2024 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება 5%-მდე, 2023 წელს არსებულ 3.8%-თან შედარებით. თუმცა იანვრის შემდეგ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ყოველი ოთხი დაბალშემოსავლიანი ქვეყნიდან სამისთვის ვარდნას ასახავს.

ამასთან, პროგნოზის მიხედვით, მოწინავე ქვეყნებში ზრდის მაჩვენებელი 2024 წელს სტაბილურობას შეინარჩუნებს 1.5%-ის დონეზე, სანამ 2025 წელს 1.7%-მდე მოიმატებს.

„პანდემიით, კონფლიქტებით, ინფლაციით და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით გამოწვეული ძვრებიდან ოთხი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, გლობალური ეკონომიკა სტაბილიზაციას იწყებს. თუმცა ეკონომიკური ზრდა შედარებით ნელია, ვიდრე 2020 წლამდე. პერსპექტივები მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ისინი ვალის მომსახურებით, შეზღუდული სავაჭრო შესაძლებლობებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების საფრთხის წინაშე დგანან. განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზები კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად, შეამცირონ სახელმწიფო ვალი და გააუმჯობესონ განათლება, ჯანდაცვა და საბაზისო ინფრასტრუქტურა. უღარიბესი 75 ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან კონცესიური დახმარების მიღების მოთხოვნებს, ვერ შეძლებს აღნიშნულის განხორციელებას საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, წელს ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთი, სავარაუდოდ, სიღარიბის უფრო დაბალ დონეზე დარჩება, ვიდრე პანდემიის დაწყებისას, 2019 წელს იყო.

„ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია სუსტ და კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში. უფრო მეტიც, განსხვავება შემოსავლების მიხედვით განვითარებად და მოწინავე ქვეყნებს შორის 2020-24 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება განვითარებადი ქვეყნების დაახლოებით ნახევრისთვის და 1990-იანი წლების შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს. ამ ქვეყნებში შემოსავალი ერთ სულზე, რომელიც ცხოვრების სტანდარტების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, სავარაუდოდ, 3%-ით გაიზრდება 2026 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ 3.8%-ს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, გლობალური ინფლაცია 2024 წელს ზომიერი იქნება 3.5%-ის დონეზე, ხოლო 2025 წელს 2.9%-ს გაუტოლდება, მაგრამ კლების ტემპი შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე ექვსი თვის წინ იყო ნავარაუდევი. ბევრი ცენტრალური ბანკი, შედეგად, სიფრთხილეს იჩენს პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით. გლობალური საპროცენტო განაკვეთები, სავარაუდოდ, მაღალ დონეზე შენარჩუნდება ბოლო ათწლეულების სტანდარტების მიხედვით, რაც 2025-26 წლებში, საშუალოდ, 4% იქნება, ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი 2000-19 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ფასები სურსათზე და ენერგორესურსებზე ზომიერ დონეს მიუახლოვდა, მსოფლიოს მასშტაბით საბაზო ინფლაცია შედარებით მაღალ დონეზეა და შეიძლება, ასე დარჩეს. აღნიშნულმა, შესაძლოა, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკები აიძულოს, რომ გადაავადონ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. „ხანგრძლივად მაღალი” განაკვეთების გარემო მკაცრ ფინანსურ პირობებს და გაცილებით სუსტ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს განვითარებად ქვეყნებში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ.

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ორი მნიშვნელოვანი ანალიტიკური თავი. პირველი ხაზს უსვამს, თუ როგორ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ინვესტიცია კერძო ინვესტიციების დასაჩქარებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ის მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა განვითარებად ქვეყნებში განახევრდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, გასულ ათწლეულში 5%-იან საშუალო მაჩვენებლამდე დაცემით.

„და მაინც, საჯარო ინვესტიციები შეიძლება დარგობრივი პოლიტიკის მძლავრი ბერკეტი აღმოჩნდეს. საკმარისი საბიუჯეტო სივრცის და ეფექტიანი სახელმწიფო ხარჯვითი პრაქტიკის მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის საშუალოვადიან პერიოდში საჯარო ინვესტიციების მატებას მშპ-ის 1%-ით წარმოების გამოსავლის 1.6%-ით ზრდა შეიძლება მოჰყვეს. მეორე ანალიტიკური თავი იკვლევს, თუ რატომ განიცდიან მცირე ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიონი ან ნაკლებია, ქრონიკულ ფისკალურ სირთულეებს. 35 განვითარებადი ქვეყნის ორ მეხუთედს, რომელიც მცირე ქვეყნებითაა წარმოდგენილი, კრიტიკული მდგომარეობა ემუქრება ან უკვე ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. ყოვლისმომცველი რეფორმებია საჭირო მცირე ქვეყნების ფისკალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. შემოსავლების მიღება შესაძლებელია გაცილებით უფრო სტაბილური და დაცული საგადასახადო ბაზიდან. ხარჯვითი ეფექტიანობა შესაძლებელია გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით, ჯანდაცვაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. ფისკალური ჩარჩოები შეიძლება მიღებულ იქნეს ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვა შოკების მაღალი სიხშირის სამართავად. მიზანმიმართული და კოორდინირებული გლობალური პოლიტიკა შეიძლება ასევე მიზანშეწონილი იყოს ამ ქვეყნების უფრო მდგრად ფისკალურ გზაზე დასაყენებლად“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.

ამასთან, მსოფლიო ბანკი პრესრელიზში საქართველოს შესახებ პროგნოზების მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს:

• საქართველოში 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა, რაც მხარდაჭერილი იყო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლებით. ეკონომიკური აქტივობა 2024 წლის დასაწყისში სტაბილურობას ინარჩუნებს და 2024 წლის პირველ 4 თვეში 9 პროცენტით გაიზარდა წლიურად;

• 2023 წელს ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, და ქართული ლარის გამყარებით. წლიურმა ინფლაციამ 2024 წლის მაისში 2.0 პროცენტი (წლიური) შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაცია 1.7 პროცენტი იყო (წლიური). მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს მიაღწევს;

• პროგნოზების მიხედვით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.2 პროცენტამდე შემცირდება, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებისა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შენელების გამო;

• სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით არსებობს მნიშვნელოვანი რისკები, მათ შორის, გეოპოლიტიკური გაურკვევლობიდან გამომდინარე ფაქტორები.