ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება. 2018 წლის შესახვედრად მზადება მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება ნიუ იორკში გაიმართება, სადაც ახალი წლის შემოსვლას ათასფრად განათებული ბურთის დაშვებით შეხვდებიან.
თაიმს სქუერზე ახალი წლის ღამეს მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს პოლიცია, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
მხიარული ზეიმისთვის ემზადებიან რიო დე ჟანეიროშიც. ბრაზილიაში წელს ახალ წელს 17 წუთიანი ფოერვერკების შოუთი შეხვდებიან. უკვე მომზადებულია 25 ტონა პიროტექნიკა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კოპაკაბანას სანაპიროზე 2018 წელს 2 მილიონი ადამიანი შეხვდება.
უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხვდებიან ახალი წლის ღამეს ლონდონშიც, სადაც ადგილობრივები და ტურისტები ასევე შთამბეჭდავ ფოერვერკს იხილავენ.
სამზადისი დასასრულს უახლოვდება გერმანიაშიც. ბერლინში ათასობით ადამიანი ახალი წლის ღამეს ბრანდებურგის კარიბჭესთან შეეგებება. როგორც მთელ მსოფლიოში, იმისთვის რომ საზეიმო ღონისძიებებმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, მობილიზებულია პოლიცია.
ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული შეზღუდვები იქნება დაწესებული კიოლნშიც. აქ ღამით ალკოჰოლის გაყიდვაც აკრძალეს.