მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება
მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება

მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება.

დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნული წესის შემუშავება 2022 წლის პირველი იანვრისთვის უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ ვადის 2025 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებები 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ 2021 წლიდან, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე, რომელიც დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა: სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა.

„შესაბამისად, „სოციალური კოდექსის“ შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები. ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში“, – განმარტავს მთავრობა.