მსჯავრდებულ კახაბერ ლომიძის ოჯახი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს
მსჯავრდებულ კახაბერ ლომიძის ოჯახი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს

მსჯავრდებულ კახაბერ ლომიძის ოჯახი პატიმრის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. დღეს ლომიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მთავარ პროკურატურასთან ამ მოთხოვნით მდუმარე აქცია გამართეს.

კახაბერ ლომიძე 2016 წლის დეკემბერში მობილური ტელეფონის ქურდობის ბრალდებით დააკავეს და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ოჯახის წევრების მტკიცებით, პატიმარს ტელეფონი სამართალდამცველებმა ჩაუდეს და ის უდანაშაულოა.

მათივე განცხადებით, თავდაპირველად, კახაბერ ლომიძეს საპროცესო გარიგებას სთავაზობდნენ, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახლობლების თქმით, პატიმარი პროტესტის ნიშნად უკვე მეორმოცე დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ოჯახი მსჯავრდებულის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.

,,ვაპროტესტებთ უკანონობას და მოტყუებას. განაჩენი დაყენებულია მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენებით. არ არის ამოღებული თითის ანაბეჭდები ტელეფონიდან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელების განცხადებით, კახაბერ ლომიძე მობილურით ხელში დააკავეს. თუ მობილურით ხელში იქნა დაკავებული, წინ რა ედგა იმას, რომ თითის ანაბეჭდები აეღოთ. ასევე, არ არის გარკვეული, ვისია ტელეფონი, რადგან ყუთი დღემდე არ არის მოძიებული. ვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უპირობო გათავისუფლებას”, – აცხადებს კახაბერ ლომიძის ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა.