მსჯავრდებულ ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრებმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან აქცია გამართეს
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინ პატიმარ ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა აქცია გამართეს.
აქციის წევრები მსჯავრდებულის რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.
ავთანდილ სოფრომაძის ახლობლების განცხადებით, პატიმარმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში 5 მაისს ფიზიკური დაზიანება მიიყენა, რადგანაც მათი თქმით, პატიმარზე დაწესებულების უფროსი, შოთა ტრაპაიძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.
პატიმარმა მაკრატლით მუცლის არეში მიიყენა დაზიანება და დღემდე, 22-ე დღეა უარს აცხადებს ექიმების მკურნალობაზე, ვიდრე სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
ოჯახის წევრები და ადვოკატები მოითხოვენ, რომ დროულად მოხდეს პატიმრის მკურნალობის დაწყება და ასევე ის სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ, რადგანაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ისინი პატიმართან დაუყოვნებლივ შეხვედრას მოითხოვენ. აქციის დროს შეუძლოდ გახდა მსჯავრდებულის დედა, რომელსაც ადგილზე დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია.
აქციის მონაწილეების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა სასჯელაღსრულების პენიტენციურმა დეპარტამენტმა. მათი განცხადებით, პატიმარი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახდენს.
„მსჯავრდებულმა ავთანდილ სოფრომაძემ 5 მაისს თვითდაზიანება მიიყენა კანზე, მუცლის არეში და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე. ავთანდილ სოფრომაძემ დაზიანება მიიყენა ფრჩხილების საჭრელი პატარა მაკრატლით, რომლის წვერი კანქვეშ აქვს დაფიქსირებული (ხელით) და უარს აცხადებს ლითონის საგნის ამოღებაზე. მსჯავრდებული იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია: აღენიშნება მცირედი ჰიპერემია, ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე. მსჯავრდებული N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღიდან (07.03.2019) უარს აცხადებს ყოველგვარ სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის გეგმიურ გამოკვლევებზე. ავთანდილ სოფრომაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახდენს. მსჯავრდებული ითხოვს N7 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას და ამ მიზნით აწყობს პროვოკაციებს. ავთანდილ სოფრომაძე იმუქრება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მედიას სხვა ტყუილ ინფორმაციასაც მიაწვდის. მსჯავრდებული ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობს ციხის ადმინისტრაციის დაშანტაჟებას და მისთვის სასურველი შედეგის მიღწევას – სასჯელის მოხდის ადგილის შეცვლას“, – წერია განცხადებაში.