„მშვიდობით, იარაღო!“ - ორ ნაწილად გახლეჩილი ამერიკა
„მშვიდობით, იარაღო!“ - ორ ნაწილად გახლეჩილი ამერიკა

ქალაქ ვულკანში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, თაყვანს იარაღს სცემენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ცისკენ აღმართული შაშხანებიდან რამდენიმე გასროლით იარაღის ღმერთს პატივს მიაგებს, მიწაზე მოფანტული ტყვიები კი მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილ სისხლის ლაქებს ჰგავს. ქალაქი ვულკანი რეალურად არ არსებობს, გამოგონილია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ამერიკულ ტელესერიალში „ამერიკელი ღმერთები“ (American Gods) 2017 წელს გამოჩნდა. მწერალ ნილ გეიმანის ამავე სახელწოდების რომანში ეს ქალაქი ნახსენები არ არის, არც იარაღის თაყვანისცემის რიტუალია აღწერილი, თუმცა 16 წლის თავზე გადაღებულ ფილმში სცენარისტებმა იარაღის თაყვანისცემის გროტესკული ეპიზოდი ჩაამატეს. ბოლო ათ წელიწადში გახშირებული შეიარაღებული თავდასხმები სკოლებსა და ხალხმრავალ ადგილას „ამერიკელ ღმერთებში“ ვულკანის ქალაქად წარმოჩინდა, სადაც ყველა მოქალაქე, მათ შორის მოზარდები, შეიარაღებულია, ქალაქის ცენტრში მდებარე თეთრ ქარხანაში კი ყოველდღიურად ასობით იარაღი მზადდება.

ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილმა მოსწავლემ 14 მოზარდი და სამი მასწავლებელი 30 წუთში მოკლა, იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ამერიკაში ისევ ხმამაღლა მსჯელობენ. ეს მსჯელობა კონგრესის კედლებსაც გასცდა და იარაღის აკრძალვას ქუჩაში ითხოვენ. ფართომასშტაბიანი აქცია ჯერ თეთრი სახლის წინ, შემდეგ კი კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილე სტუდენტები პროტესტის ნიშნად მიწაზე გაწვნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ფორმით ცდილობდნენ, პრეზიდენტი და სენატორები იარაღის შესახებ კანონის, იგივე კონსტიტუციის მეორე ჩასწორების შეცვლაში დაერწმუნებინათ.

მეხუთე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფლორიდაშიც, შტატში, სადაც 14 თებერვალს 19 წლის ნიკოლას კრუზის სამიზნედ სკოლა იქცა. იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციის ორგანიზატორები და სკოლაში დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები გუბერნატორ რიკ სკოტს, განათლების კომისიის თავმჯდომარეს და სხვადასხვა კონგრესმენს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ. მათმა ხმამ პრეზიდენტამდეც მიაღწია.

„მე ვლაპარაკობ ჩემი შვილის ნაცვლად, რადგან მას აღარ შეუძლია ლაპარაკი. ის რამდენიმე დღის წინ მისსავე სკოლაში მოკლეს“, – თქვა პარკლენდის სკოლაში დაღუპული ერთ-ერთი გოგოს მამამ აქციაზე. მისი სიტყვით გამოსვლა ამერიკული მედიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბად იქცა.

დონალდ ტრამპმა, რომელიც იარაღზე კონტროლის გამკაცრების წინააღმდეგია, 2018 წელს პარკლენდისა და 2012 წელს სნედიჰუკის სკოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრები თეთრ სახლში მიიწვია. ემოციური შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ამერიკის მოსახლეობას ძალადობის პრევენციის ახალი სცენარი შესთავაზა – იგი მასწავლებლების შეიარაღებას და გადამზადებას გეგმავს.

„რომელიმე სკოლაში, სადაც საზარელი ტრაგედია დატრიალდა, მასწავლებელს იარაღი რომ ჰქონოდა, ბავშვები გადარჩებოდნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, თუმცა მოკლული მოსწავლის მშობლის კითხვაზე, როდემდე უნდა გაგრძელდეს სკოლებში ბავშვების ხოცვა, პასუხის გაცემა თავად პრეზიდენტსაც გაუჭირდა.

ტრამპი, ისევე როგორც რესპუბლიკელების უმრავლესობა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი კანონის ჩასწორების აუცილებლობას ვერ ხედავენ. მათი არგუმენტით, თავდამსხმელისთვის ცეცხლსასროლი იარაღი აკრძალვის შემთხვევაშიც ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო ამერიკის მოქალაქეებს თავდაცვის უფლება შეეზღუდებათ.

2017 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 300 მილიონი ცეცხლსასროლი იარაღი აღირიცხა.მკვლელობების ბოლო3-წლიანი სტატისტიკა შემაშფოთებელია: 2014-2017 წლებში აშშ-ში 56 ათას 755 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, მათგან 2 700-ზე მეტი მოზარდი და მცირეწლოვანი ბავშვია, ბოლო 18 წელიწადში კი პარკლენდის სკოლა 208-ვე სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ.

იარაღის შეძენა-შენახვაზე კონტროლის გამკაცრების ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა2012 წლის დეკემბერში კონექტიკუტის ქალაქ ნიუტონში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გამოვიდა, როცა სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში 20 წლის ადამ ლანზამ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თავდასხმის შედეგად 20 ბავშვი დაიღუპა, მათგან ყველაზე პატარა 5 წლის იყო. ლანზამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე დედა მოკლა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა სახლის ჩხრეკისას სამი სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, რომელიც ლანზამ ბოლო თვეებში ნიუტონში მდებარე იარაღის მაღაზიაში შეიძინა. ადამ ლანზას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სწორედ ეს ფაქტი იქცა იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოწინააღმდეგე კანონმდებლებისა და National Rifle Association-ისთვის საბაბად, მომხდარში ლანზას ფსიქოლოგი დაედანაშაულებინათ და არა კონსტიტუციის მეორე ჩასწორება, იგივე კანონი იარაღის შეძენა-შენახვის შესახებ.

ბარაკ ობამამ იარაღის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით კონგრესის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. რესპუბლიკური პარტიის არგუმენტი მაშინაც იგივე იყო. იმ პერიოდში პოლიტიკისგან დისტანცირებული ბიზნესმენი და მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ობამას ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებდა, ისევე როგორც ინდიანას შტატის მაშინდელი გუბერნატორი და ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მოგვიანებით, იარაღის შესახებ კანონის ხელშეუხებლობა ტრამპის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად იქცა, დღეს კი იგი დილემის წინაშე აღმოჩნდა – გააკეთოს არჩევანი საკუთარი ამომრჩევლების ინტერესებსა და ტრაგედიის მონაწილე ოჯახების მოთხოვნას შორის.

რესპუბლიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად, 2013 წლის 16 იანვარს დემოკრატმა პრეზიდენტმა იმ 23 აღმასრულებელ აქტს ხელი მაინც მოაწერა, რისთვისაც მას კონგრესის თანხმობა არ სჭირდებოდა. რეგულაციის თანახმად, იარაღის მაღაზიებს აეკრძალათ მოქალაქეებისთვის სამხედრო იარაღის მიყიდვა, ასევე დაევალათ, მოქალაქეს მოსთხოვონ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობა და ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

2013 წელს ობამას მიერ ხელმოწერილ რეგულაციას შეიარაღებული თავდასხმების სტატისტიკის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. 2013 წლიდან 2018 წლამდე შეიარაღებული თავდასხმა  საზოგადოების თავშეყრის ადგილას 300-ჯერ განხორციელდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ალაბამას, ლუიზიანას, ტეხასის, ფლორიდის, ნევადას, სამხრეთ კაროლინას და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებში დაფიქსირდა. ყველაზე მასშტაბური 2016 წელს ფლორიდაში, ორლანდოს ღამის კლუბში მოხდა, რომელსაც მოგვიანებით ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, ხოლო წელიწადნახევრის შემდეგ ლას ვეგასში საცეკვაო მოედანზე 64 წლის სტივენ პედოკმა 24 სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით 58 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

1787 წელს დაწერილ, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში, რომელიც შექმნიდან დღემდე 23-ჯერ ჩასწორდა, მეორე ჩასწორება სწორედ მოქალაქეების შეიარაღებას ეხება. კანონის თანახმად, თავისუფალ სახელმწიფოში მოქალაქეებს აქვთ უფლება,თავდაცვის მიზნით შეიძინონ და შეინახონ ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ჩასწორება მე-17 საუკუნის ინგლისის უფლებათა ბილის გავლენით იქნა შედგენილი.

იარაღის შესახებ კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკამათო თემა არაერთხელ ყოფილა, თუმცა საპროტესტო აქციებს მიმდინარე დემონსტრაციების მსგავსი მასშტაბური სახე აქამდე არ მიუღია. პროტესტმა სოციალურ ქსელშიც შეაღწია. იარაღის აკრძალვის მოთხოვნით ახალ ჰეშთეგს #neveragain (აღარასდროს) მილიონობით გაზიარება აქვს.