მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მაღალი დონის ვებინარი გაიმართა, თემაზე: „ადამიანზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, გლობალური პანდემიის ფონზე“.
ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას მთავარ თემაზე მოხსენებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა. საპანელო დისკუსიაში სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ასევე გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე. დისკუსიას მოდერაცია გაუწია საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა. ღონისძიებაში დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, საელჩოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, შერიგებისა და ჩართულობის პროცესის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების მიმდინარეობაზე; ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის პირობებში. განხილულ იქნა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ამ კუთხით განხორციელებული საერთაშორისო მხარდაჭერა, ისევე როგორც ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებასა და ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით სამომავლო ხედვები.
აღნიშნულ თემებზე მსჯელობასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა გააჟღერა სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ინიცირებული „მშვიდობის ფონდის“ სრულფასოვანი ფუნქციონირების დაწყება. ხაზი გაესვა, რომ ფონდი მხარს დაუჭერს გამყოფი ხაზებით დაშორებულ საზოგადოებებს შორის ბიზნეს-პროექტების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ნდობის აღდგენის მიმართულებით და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ფონდის ამოქმედება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე, რომელთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა, კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ისედაც რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა.
საერთაშორისო პარტნიორები მიესალმნენ სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის მშვიდობის ფონდის საქმიანობას. მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას აღნიშნულ პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.
„საერთაშორისო მშვიდობის დღეს, რომლის წლევანდელი სლოგანი იყო – „ერთად შევქმნათ მშვიდობა“, სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა საერთაშორისო მაღალი დონის ვებინარით, რომლის განხილვის და მსჯელობის ძირითადი თემა იყო ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისკენ მიმართული სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიანი განხორციელება, ინტენსიური დიალოგის წარმართვა აფხაზ და ოს საზოგადოებებთან, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება, იმისთვის რომ მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანად. აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიების ფარგლებში ჩვენ დავაანონსეთ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ოფიციალური ფუნქციონირების დაწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მისი მხარდაჭერით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს განხორციელდება ისეთი ბიზნეს-პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენასა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ გაიმართა ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და კარგად ორგანიზებული ვებინარი, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს გაიმართა და საქართველოს კონფლიქტს შეეხებოდა.
„დეტალურად განვიხილეთ ამ მოვლენის ყველა ასპექტი, ამჟამად არსებული ვითარება და პროგრესი, რომლის მიღწევაც არაფორმალური კონტაქტების ფარგლებში მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ კონფლიქტის გადაჭრისთვის აუცილებელია ხალხების დაახლოება, ისეთი ნარატივის და გზავნილის შექმნა, რომელიც მათ მშვიდობის აუცილებლობაში დაარწმუნებს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საინტერესო იდეები გამოითქვა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, დღეს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ამ შეხვედრის, ამ ვებინარის მოდერატორი ვყოფილიყავი, რათა ყველამ ერთად ჩამოვაყალიბოთ მშვიდობა. ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ვფიქრობ, ამ ვებინარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, რომ ჩვენ დღეს „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში, არაორდინარულ დროში, გვიწევს ცხოვრება და განვიხილეთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მშვიდობისთვის. ამ მიმართულებით დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო იდეები გაჟღერდა. მადლობელი ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრმა მომიწვია ამ განხილვაზე“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინ მახლმა.