მშვიდობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა
მშვიდობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 102-ე ადგილზეა. შესაბამის კვლევას ლონდონში, „ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის კვლევასთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ოთხი საფეხურით არის გაუარესებული.
გამოქვეყნებულ კვლევაში, საქართველოს რუანდა და ლესოტო მოსდევენ.
ყველაზე მშვიდობისმოყვარულ ქვეყნებად დასახელდნენ ისლანდია, ახალი ზელანდია და ავსტრია. ჩინეთი რეიტინგში 112-ე პოზიციაზეა, აშშ კი – 121-ეზე. სიას ასრულებენ სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და სირია.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში რუსეთი ბოლო ათეულში შედის და 154-ე ადგილს იკავებს, მისი პოზიცია გასულ წელთან შეადრებით, ერთი საფეხურით გაუარესდა.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მშვიდობისმოყვარულობის გლობალური ინდექსის მიხედვით, სომხეთი 120-ე ადგილზე, აზერბაიჯანი – 132-ე, თურქეთი – 149-ეზე, უკრაინა – 152-ეზე.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წელს საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სეპარატისტული და ეთნიკური კონფლიქტების გამო, საქართველოს ეკონომიკამ სტაგნაცია განიცადა, კორუფცია გაიზარდა და მთავრობა სულ უფრო არაეფექტიანი გახდა. მხოლოდ 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალმა რეჟიმმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოებრივი პოტენციალის შექმნასა და ეკონომიკურ ზრდაზე. სახელწოდება „ვარდების რევოლუცია“ თავისთავად მეტყველებს საქართველოში პოზიტიური მშვიდობის დონის არსებობაზე“, – აღნიშნულია კვლევაში.
თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველო იყო ქვეყანა მშვიდობის დაბალი დონით, რომელიც მკვეთრად გაუმჯობესდა 2018 წლისთვის.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს დედამიწაზე ვითარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად მშვიდია, ძალადობისგან ზარალმა 2017 წელს 14,8 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღმოცენებული დაძაბულობა, კონფლიქტები და კრიზისები მსოფლიოში დაურეგულირებელი რჩება, რაც მშვიდობის დონის ვარდნას იწვევს“, -ნათქვამია დოკუმენტში.