ზაარბრიუკენისა და მშრალ ხიდებზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა
ზაარბრიუკენისა და მშრალ ხიდებზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა

ზაარბრიუკენისა და მშრალ ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება.

„პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი გადაადგილება უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ პროექტის მეორე ფაზა დენდროლოგიური სამუშაოების განხორციელებაა. 9 მარტისა და დედაენის ბაღების დენდროლოგიურ პროექტებს ჩვენ უკვე 8 იანვრიდან გავაგრძელებთ, როცა განახლდება სამუშაოები. დასრულებულია ხიდების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხიდების გარე მოპირკეთების სამუშაოები. მოძრაობა აღდგენილია ხიდებზეც. მიმდინარეობს ასევე ტროტუარების მოპირკეთებაც, რომელთა მოწყობა ბაზალტსა და ტრავერტინში ხდება. გარდა ამისა, დასრულებულია 9 მარტისა და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. დენდროლოგიური პროექტი გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით 7.5 მლნ ლარია.