თათო გვარიშვილი - გარევაჭრობა იკრძალება, გიგიც მოხვდა მათ შორის, მთხოვა, დამეხმარე, თორემ მერიაში მე თვითონ წავალო
ძალიან კარგია, რომ პოზიტიური დისკრიმინაცია არ მოხდა და გარევაჭრობაზე მხოლოდ ჩემი შვილი არ დაუშვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის შშმ პირია, – ამის შესახებ მშობელმა, თათო გვარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვიცით, რომ გარევაჭრობა იკრძალება. შესაბამისად, გარემოვაჭრეთა სიაში გიგიც მოხვდა, როცა მათთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და გააფრთხილეს, ადგომა მოგიწევთო. გიგიმ მთხოვა, დამეხმარე, თორემ მერიაში მე თვითონ წავალო. ამიტომ, სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, სადაც მეგობრებისგან რჩევას ვითხოვდი. ამ პოსტს იმხელა რეაგირება მოჰყვა, რომ სიტყვები არ მყოფნის. ორი დღეა გიგი ისეთი ბედნიერია, სიტყვებით ვერ აღვწერ“, – განაცხადა გვარიშვილმა.
მისი თქმით, 15 წლის გიგის საკუთარი ბიზნესი აქვს. ახალ წელს ბაზრობებზე საახალწლო სათამაშოებს ყიდულობს და რეალიზაციას რუსთაველზე ახდენს.
„ეს მისთვის მთელი ცხოვრებაა, რადგან ეს საქმიანობა მას საშუალებას აძლევს, დასაქმებული იყოს და ურთიერთობა უამრავ ადამიანთან ჰქონდეს. ის ფაქტობრივად, მთელ თბილისს იცნობს. გუშინ, როცა კომენტარებს ვკითხულობდი, ძალიან ბევრი ადამიანი წერდა, რომ მასთან ერთად კაფეში, თუ სხვაგან და სხვაგან იყო. მან იპოვა საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის. სხვა შემთხვევაში, გიგის ალბათ, თვითრეალიზების საშუალება ნაკლებად მიეცემოდა“, – განაცხადა გვარიშვილმა.
როგორც შშმ მოზარდის მშობელმა აღნიშნა, 15 წლის გიგის მხედველობისა და დამოუკიდებლად სიარულის პრობლემა აქვს. დამოუკიდებლად სიარული ჩვეულებრივად არ შეუძლია, მაგრამ მან ეს შეძლო და ჯოხით დადის.
„როცა მე საგონებელში ვიყავი, რითი დაკავებულიყო, გამოსავალი თვითონ მოძებნა და იმით, რასაც აკეთებს, ძალიან ბედნიერია“, – განაცხადა გვარიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პირველადი საჭიროებები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებსა თუ ზრდასრულებს, რამდენად სრულფასოვანია არსებული პროგრამები და რა ნაწილი საჭიროებს დახვეწას, თათო გვარიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად მათ ძალიან გაუმართლათ, რადგან გიგი პირველი ბავშვი იყო, ვინც საბავშვო ბაღში მივიდა და სპეცმასწავლებელი დაენიშნა.
„მაშინ პრინციპში, ეს პირველი შემთხვევა იყო. პროგრამა სულ რამდენიმე ბაღში ხორციელდებოდა. ძალიან გაგვიმართლა იმაშიც, რომ პირველი სპეცმასწავლებელი პროფესიონალი შეგვხვდა. მაშინ სულ სხვა მდგომარეობა იყო. ბაღში მასწავლებლებს შშმ ბავშვი ნანახი არ ჰყავდათ, რადგან ასეთი ბავშვები სახლიდან არ გაყავდათ. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და საზოგადოების ცნობიერება, სერვისები და ყველაფერი ბევრად წინ წავიდა“, – განაცხადა თათო გვარიშვილმა.
თათო გვარიშვილმა შშმ ბავშვების მშობლებს მიმართა, რომ მათი შვილები მაქსიმალურად ყველგან წარმოაჩინონ.
“ისინი უნდა იყვნენ ყველგან, ქუჩაში, თეატრში, კინოში, რათა ყველგან ნახონ. ამ ადამიანებმა ის უნდა აკეთონ, რაც გამოსდით, რადგან მთავარია, ისინი ბედნიერები იყვნენ”, – განაცხადა თათო გვარიშვილმა.
15 წლის ბიჭის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გიგი ანთაძეს ცერებრალური დამბლა აქვს, წლებია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის და გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციებმა შესაძლოა, მას გარკვეული პრობლემები შეუქმნას.
კალაძემ თავის მოადგილეს დაავალა, გიგი ანთაძეს მაქსიმალურად დაეხმარონ.