მშობელი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს
მშობელი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს

მშობლის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს. პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს ასევე მისი მშობელი თ.ხ.

როგორც არასრულწლოვნის მამამ მცხეთის სასამართლოში მიმდინარე დახურული სასამართლო პროცესის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისმა შვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს.

„ის ითხოვს, მისი ჩვენება სიცრუის დეტექტორზე გაატარონ. იქამდე არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ასევე, უნდა გაატარონ ამირხანაშვილისა და ყველა იმ პირის ჩვენება, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. მეორე მოთხოვნაა მედიასთან კავშირი. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გააშუქოთ სხდომა, რაშიც ხელს გვიშლიან. ვიდრე ჩემი შვილი იშიმშილებს, მეც ვიშიმშილებ გენერალურ პროკურატურასთან“, –  განაცხადა ბრალდებულის მამამ.

ის ასევე ითხოვს საქმის პროკურორის აცილებას, რომლის შესახებაც შუამდგომლობა დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და თ.ხ.-ს თქმით, სწორედ ამიტომ დატოვა სასამართლო სხდომა.

„ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ. ჩემი მეუღლეც შემომიერთდება. ასევე, შიმშილობას იწყებს ყველა იმ ადამიანის მშობელი, ვინც ავტომობილ „ტოიტა ქამრიში“ იჯდა. ვისაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ პლაკატებით. ადვოკატიც უფასოდ მემსახურება, რადგან სახლი გავყიდე. ჩემი შვილის სიმართლეში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა თ.ხ.-მ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი იმართება.