ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერია წარადგენს ცვლილებების პროექტს, რომელიც მშენებლობის ნებართვების გაცემის წესში სანებართვო პირობების ცვლილებას შეეხება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. სწორედ ამიტომ ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა. მინდა, მივესალმო მერიის ინიციატივას პროცესის გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე მნიშვნელოვანი იქნება გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე 4 000 კვადრატულ მეტრზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც, რაც ასევე მნიშვნელოვანია და დეველოპერებს ამ კუთხით გაუადვილებს მუშაობას, რომ შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.