მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობამ შესაძლოა, აღსრულების პროცესი ვეღარ შეაფერხოს
მშენებლის მიერ სამშენებლო დარღვევისთვის სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობამ შესაძლოა, აღსრულების პროცესი ვეღარ შეაფერხოს. შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უფრო მარტივი ხდება.
კერძოდ, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დადგენილებაზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე.
თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე არ იმყოფება ან გადაწყვეტილების გაცნობაზე უარს აცხადებს, გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება გაცნობად ჩაითვლება.
ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება – საინფორმაციო დაფა, სამშენებლო ტერიტორიაზე დროებით განთავსებული შენობა, სამშენებლო ტერიტორიის შემომფარგლავი უსაფრთხოების ღობე, სამშენებლო ობიექტის ფასადი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი.