მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. საქმის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.
მამუკა ჭელიძემ არ დააკონკრეტა დაკავებულის ვინაობა და მხოლოდ ინიციალები – ი.ქ. დაასახელა.
ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ ადრე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ბრალდებულის სახით საქმეზე დაკავებულმა რეანომობილის მძღოლმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გიორგი გიორგანაშვილს გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმის მასალების მიხედვით, მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი გიორგანაშვილისა და ზემოთ ხსენებული მძღოლის ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი. ამასთან, გამოძიების მასალებში არსებული მესამე პირის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელბულა და იგი არის ი.ქ., რომლის დაკავების შესახებაც შსს-მ დღეს განაცხადა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.