მრგვალი მაგიდა „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხვალ მრგვალი მაგიდა – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ გაიმართება. უწყების ცნობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მიმართავენ.
6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, თბილისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო ეწვევიან.
„მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვისა და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.