მრავალსულიან დევნილ ოჯახებს ბათუმში ბინები გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსში ბინები დევნილთა ათმა ოჯახმა მიიღო.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.
ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.
სამინისტრომ 154 ბინა, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და ისინი დევნილ ოჯახებს დღეს გადაეცათ.
ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.