მრავალშვილიან დედას, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობდა, სახელმწიფოსგან ორი ბინა აქვს მიღებული

​მრავალშვილიანი დედის ლალა ცინდელიანის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ცინდელიანს, რომელიც „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „პროფილი“ საუბრობდა, სახელმწიფოსგან ორი ბინა აქვს მიღებული. სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები მას ვაზიანის დასახლებაში მისცეს. მრავალშვილიანი დედა კი გადაცემაში ყვებოდა, რომ შვიდი შვილით პოლიციის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.

„მართლაც ძალიან შემტკივა გული ამ შემთხვევაზე. ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა მათ მიმართ, სრულად ვერ უგვარებს პრობლემებს, მაგრამ ამ ოჯახს გადასცა სახელმწიფომ ორი ახალი ბინა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ვერ ახერხებს იქ რაღაც კომუნიკაციის მოგვარებას, რომ გადავიდეს ამ ორ ბინაში. ერთი წლის წინ გადაეცა სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები. როგორც გითხარით, კომუნიკაციის პრობლემა აქვს, მგონი, მილსადენის და ამაშიც დავეხმარებით. ყველასთან მექნება სათხოვარი, როცა ასეთ მტკივნეული თემა შუქდება,  აუცილებლად უნდა გაშუქდეს იმ უწყების პოზიციაც, რომელზეც არის ეს სიუჟეტი. ეს ადამიანი ტყუილს კი არ ამბობს, აღიარებს, რომ გადავეცით ბინა, უბრალოდ სურათი სრულად უნდა იყოს წარმოჩენილი. ასე არ უნდა ჩანდეს, თითქოს ჩვენ არ გვადარდებს ადამიანების ბედი. სწორი და გამჭირვალე კომუნიკაცია სჭირდება ყველაფერს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 15 მარტს გაავრცელა ვიდეო, სადაც ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში 40 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. მათ შორის იყო მრავალშვილიანი დედა ლალა ცინდელიანი.