მრავალსერიანი მხატვრული ფილმის, „იუნკერების“ პრემიერა სექტემბერში პირველ არხზე შედგება

სექტემბერში საქართველოს პირველ არხზე მაყურებელი მრავალსერიან მხატვრულ ფილმს, „იუნკერებს“ ნახავს. ხუთი სერიისგან შემდგარი ისტორიული დრამა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, რომელიც შემოქმედებით ჯგუფ „შვიდკაცა პლუსთან“ ერთად ხორციელდება.

ფილმის რეჟისორი გია ბარაბაძე, მწერალ კოტე ჯანდიერთან ერთად, სცენარის თანაავტორიც არის. მინისერიალი 1921 წლის თებერვლის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლო დღეების მოვლენებს ასახავს. ფილმის გადაღებები უკვე აქტიურ ფაზაშია.

სამეწარმეო ეტაპი აპრილში დასრულდება, შემოდგომაზე კი მაყურებელს პრემიერა პირველ არხზე ელოდება.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სერიალის თემა არის ყველასთვის ახლო და მტკივნეული.

„ეს პროექტი, ფილმი, სერიალი, ვფიქრობ, ყველაზე კარგი ფორმაა დღეს სასაუბროდ ისტორიაზე, პოლიტიკაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე. ის სულ მალე გამოვა ეკრანებზე. ძალიან რთული სამუშაო გრაფიკია. გრძელვადიანი პროექტია, რამდენიმე წელია, უკვე ამაზე ვსაუბრობთ. ძალიან მიხარია, რომ მივედით გადაღების პროცესზე, ამიტომ ჩვენს მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, სექტემბერში ნახოს სერიალის პრემიერა. თემა არის ყველასთვის ახლო, მტკივნეული, აქტუალური, რომელიც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ წარსულს, არამედ, ნაწილობრივ, დღევანდელ რეალობასაც ასახავს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

როგორც სერიალის რეჟისორმა და სცენარის თანაავტორმა, გია ბარაბაძემ განაცხადა, პროექტზე მუშაობა რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია.

„ნახევარი ფილმის ქრონომეტრაჟი გადაღებულია. ძნელია, როცა საქმე გაქვს 1921 წელთან, თბილისი კი შეცვლილია ყველანაირად.  ძნელია იმ წლების შექმნა, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესია. საინტერესო მსახიობები გვყავს, რაზეც წინასწარ არ ვილაპარაკებ, მაყურებელი თავად ნახავს“, – აღნიშნა ფილმის რეჟისორმა და სცენარის თანაავტორმა, გია ბარაბაძემ.

ამასთან, ფილმის რეჟისორის განცხადებით, პროექტის თანადამფინანსებელია კულტურის სამინისტრო.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, თანადამფინანსებელია კულტურის სამინისტრო, რომელიც ასევე გვეხმარება სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხში. ასევე, თანადამფინანსებელია თავდაცვის სამინისტრო. ყველაფერი შექმნილია იმ პერიოდის მიხედვით და სიზუსტით“, – განაცხადა გია ბარაბაძემ.